Saturday, May 29, 2010

უახლოესი გეგმები


     მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ მომავალ კვირას ისტორიკოსთა კლუბი ღონიძიებას არ გეგმავს. სამშაბათს, 8 ივნისს თსუ-ს მეხუთე კორპუსის #313 აუდიტორიაში აუცილებლად გაიმართება მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა და მომხსენებლის ვინაობა მოცემულ მომენტში დადგენილი არ არის, მაგრამ ცნობილი გახდება უახლოეს მომავალში.
   ასევე მოგახსენებთ, რომ შეიკრიბა კლუბის გამგეობა, რომელმაც იმსჯელა რამდენიმე საკითხის თაობაზე. გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული არაისტორიკოსთა (არ იგულიხსმება არქეოლოგები, ეთნოლოგები, ნუმიზმატები და ა.შ.) კლუბის წევრებად მიღება. საკითხი შესაძლოა ხელმეორედ იქნას განხილული თუ კლუბი დაიწყებს ინტერდისწიპლინარულ კვლევებს.
    გამგეობამ ასევე იმსჯელა კლუბის წევრთათვის საწევრო გადასახადების დაწესების თაობაზე. საერთო გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის შემოდგომიდან კლუბის ყოველ წევრს ექნება ვალდებულება ყოველთვიურად გადაიხადოს საწევრო გადახადი (მნიშვნელოვანწილად ამან განაპირობა ისიც, რომ არაისტორიკოსი წევრების მიღება შეჩერდა, ვინაიდან მომცემულ მომენტში ასეთ წევრებს კლუბი მათი ინტერესების შესაბამის დაპირებებს ვერ აძლევს). საწევრო გადასახადის ოდენობა განისაზღვრება მოგვიანებით, თუმცა ის არ იქნება 5 ლარზე მეტი. იმ პირებისათვის ვინც უკვე შეავსო კლუბის წევრობის დამადასტურებელი ბლანკი, თუ საწევრო გადასახადის დაწესება წარმოადგენს რაიმე სახის შემაფერხებელ გარემოებას, მათ შეუძლიათ უარი განაცხადონ წევრობაზე. ყოველთვიური საწევრო გადასახადი წევრების მიერ უნდა ჩაირიცხოს კლუბის საბანკო ანგარიშზე.
    შეგახსენებთ, რომ კლუბის ეგიდით დაგეგმილ საჯარო ლექციებზე დასწრება შუძლია ნებისმიერ მსურველს და ამისთვის გაერთიანების წევრობა სავალდებულო არ არის.

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Thursday, May 27, 2010

მარიამ ლორთქიფანიძის ლექცია ივანე ჯავახიშვილის შესახებ

     დღეს, 27 მაისს, 18 საათზე თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის ეგიდით აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია გაიმართა. საუბრის თემა ყველაზე დიდი ქართველი ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილი იყო.
    ქალბატონმა მარიამმა ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მის საუნივერსიტეტო მოღვაწეობაზე. განხილული იქნა მისი სამეცნიერო კვლევებისა და პედაგოგიური მიდგომის მეთოდები.
   აუდიტორიამ რამდენიმე კითხვა დაუსვა მომხსნებელს და ყოველ მათგანზე ამომწურავი პასუხი მიიღო. აუდიტორიის საერთო შეფასებით ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
   ლექციის დასრულების შემდეგ, იმ სტუდენტებმა ვინც აუდიტორია მაშინვე არ დატოვა ქალბატონ მარიამთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ასევე შეავსეს კითხვარები და 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს ლექცია. საერთო ჯამში  დღევანდელი ღონისძიება 9,9 ქულით შეფასდა.
   საინტერესოა ისიც, რომ ლექციის სრული ვერსია დიქტოფონზე ჩავიწერეთ. სამომავლოდ იგეგმება ყველა საჯარო ლექციის აუდიო ვერსიის ჩაწერა, რაც მოგვიანებით შესაძლოა წიგნადაც გამოიცეს.
   დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძეს  საინტერესო ლექციისათვის. ასევე დიდი მადლობა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას აუდიტორიის ტექნიკური აღჭურვისათვის.

Tuesday, May 25, 2010

კლუბის პრეზენტაცია

       გუშინ როგორც იქნა გაიმართა ისტორიკოსთა კლუბის პრეზენტაცია. ღონისძიება მაინცდამაიც პომპეზური არ იყო, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ კლუბის მიზნებისა და მომავალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. 
         პრეზენტაცია არ აღმოჩნდა ხალხმრავალი, ვინაიდან იმავე დროს იმართებოდა ჟურნალ სპეკალის პრეზენტაცია. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ  ღონიძიებას ვერ დაესწრნენ ის პირები ვის გარეშეც დღევანდელი დღე ვერც კი წარმოგვედგინა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახელით სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ბატონმა თემურ პაპასქირმა, ასევე ისტორიის ისნტიტუტის სახელით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ბატონმა თემურ ჯოჯუამ. 
        მიუხედავად არც თუ ისე ხმამაღალი სრარტისა წინ დიდი საქმეები გველის. ამიტომ ველით თქენს იდეებსა და შემოთავაზებებს. ხუთშაბათს კი გელით პირველ საჯარო ლექციაზე :)

Monday, May 10, 2010

ცოტა რამ ჩვენ შესახებ

          ისტორიკოსთა კლუბი არის მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არაა ორიენტირებული  ფინანსურ მოგებაზე. კლუბი წარმოადგენს ისტორიკოსთა, არქეოლოგთა და ეთნოლოგთა სამეცნიერო გაერთიანებას. მისი მიზანია ამ მეცნიერებათა მიმართულებით სამეცნიერო კვლევების წარმართვა, სხვადასხვა თემებზე საჯარო ლექციების, დისკუსიების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება. ექსპედიციების ორგანიზება. კლუბის ღონისძიებები ღიაა და მასზე დასწრება ყველას შეუძლია. კლუბში გაწევრიანებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. კლუბის წევრი უნდა ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოლოგი და ა.შ. ან ზემოთხსენებულ სპეციალობებზე მოსწავლე სტუდენტი, მაგისტრანტი ან დოქტორანტი. ის პირები, რომელბიც არ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, მაგრამ აქტიურად მონაწილეობენ კლუბის ღონისძიებებში შესაძლია არჩეულ იქნან გაერთიანების საპატიო წევრებად.