Monday, October 18, 2010

ორდღიანი მოგზაურობა რაჭაში

16-17 ოქტომბერს ისტორიკოსთა კლუბის წევრები რაჭის სტუმრები ვიყავით. ამ მცირე მოგზაურობის მიზანი რაიმე სიახლის აღმოჩენა არ ყოფილა და ასე შემჭიდროებულ ვადებში ეს ვერც მოხერხდებოდა. უბრალოდ გადავწყვიტეთ არდადეგების შემდეგ ახალი ენერგიითა და შემართებით დაგვეწყო საქმე. პირველ ეტაპზე რაიმე საუნივერსიტეტო ღონისძიების ჩატარებას რაჭაში სტუმრობა ვარჩიეთ.
     რაჭაში ასვლისთანავე შაორის წყალსაცავთან გავჩერდით. შემდეგ კი ნიკორწმინდის ბრწყინვალე ტაძარს ვეწვიეთ. პირველ დღესვე ვნახეთ ჭელიშის უდაბნოს მონასტერი, ნიკორწმინდიდან 3 კილომეტრზე. უგზოობისა და ცუდი ამინდის გამო ცოტა ხანი ფეხით მოგვიწია სიარული, რის გამოც ძეგლამდე ცოტა გვიან მივედით.
   შემდეგ დავბანაკდით სოფელ სორში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა, ირაკლი სოზიაშვილმა და გიორგი გურჯიძემ მაინც მოახერხეს კოცონის აბრიალება. თითქმის ყველამ სწორედ ამ კოცონის პირას, დიდი მუხის ქვეშ გავათენეთ ღამე. 
     მეორე დილას ზემო ბარის, ქვემო ბარისა და მრავალძალის ნახვა იყო დაგეგმილი, მაგრამ ამინდისა და ცუდი გზების გამო მარშრუტში მცირე ცვლილებები შევიტანეთ და გეზი ონისკენ ავიღეთ.
    მოვინახულეთ ონის სინაგოგა და ადგილობრივ ებრალებს გავესაუბრეთ. შემდეგ რაჭველებთან ერთად ავედით უწერაში და მჟავე წყლის დაგემოვნებასთან ერთად ულამაზესი ხედების ცქერითაც ვისიამოვნეთ.
   ამის შემდეგ იყო სადილი ონში რაჭველებთან ერთად. ჩვენი დიდი სურვილის საწინააღმდეგოდ დროში ძალიან ვიყავით შეზღუდულები, რის გამოც ჩვენი ნადიმი დიდხანს არ გაგრძელებულა.
    ონიდან ისევ დავეშვით და გზად ბარაკონისა და ხოტევის ტაძრები მოვინახულეთ. ასევე ვნახეთ მინდაციხე და ხოტევის ციხე.
    ხოტევით დავასრულეთ ძეგლების მონახულება რაჭის რეგიონში და თბილისში გამოვემგზავრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში რაჭაში უკვე ძალიან ციოდა და ორივე დღე წვიმიანი იყო, ყველანი კმაყოფილები დავბრუნდით.
  ამით ისტორიკოსთა კლუბის საშემოდგომო სეზონი გაიხსნა. მომავალში ჩვენ გაცილებით საინტერესო გასვლებსაც ვგეგმავთ, რომლის მიზანი მხოლოდ ძეგლების მონახულება არ იქნება.
    ტრანსპორტით უზრუნველყოფისა და ფინანსური დახმარებისათვის ისტორიკოსთა კლუბი დიდ მალდობას უხდის ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას. 
    მოგზაურობის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელ facebook-ზე.

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი