Wednesday, November 10, 2010

დისკუსია თემაზე - ვებრძოლოთ თუ არა საბჭოთა სიმბოლიკას?

   გუშინ, 9 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე - ვებრძოლოთ თუ არა საბჭოთა სიმბოლიკას? შეხვედრაზე ტრიბუნა ყველასათვის თავისუფალი იყო და ყველას შეეძლო საკუთარი არზის ღიად დაფიქსირება. 
   საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები დააფიქსირეს ბატონებმა, გიორგი კლდიაშვილმა და ბუბა კუდავამ. ასევე დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმა. შეხვდრამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა. გამოითქვა არაერთი მოსაზრება. იყო საკითხები, რომელზეც დამსწრე საზოგადოების აბსულუტური უმრავლესობა შეთანხმდა. მაგალითად ის, რომ საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს ბოლშევიკი მოღვაწეების სახელობის ქუჩები, სკვერები და მათი ძეგლები არ უნდა იდგეს. 
   რაც შეეხება შენობათა ფასადებიდან სიმბოლოების მოხსნას. ამაზე რამდენიმე საინტერესო პოზიცია დაფიქსირდა. მაგალითად ის, რომ საბჭოთა ნაგებობებიდან, რომლებშიც მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები არიან განლაგებულნი და რომელთა ფასადებსაც აქვს საბჭოთა სიმბოლიკა, შესაძლოა ეს სიმბოლიკა მოიხსნას და სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფ დაწესებულებაში გადავიდეს. შეხვედრაზე არ გამოჩენილა არც ერთი ადამიანი ვინც ემხრობოდა საბჭოთა სიმბოლიკის მოხსნას საცხოვრებელი ნაგებობებიდან. ასევე გამოითქვა მოსაზრება საბჭოთა სიმბოლიკის მქონე ნაგებობების კომერციალიზაციისა და მათი ტურისტულ პროექტებში ჩართვის შესახებ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ყველა თანხმდებოდა ერთ საკითხზე, სიმბლოების ნაწილი შეიძლება ჩამოიხსნას, მაგრამ არ უნდა განადგურდეს. ასევე ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ამ საკითხის ნაჩქარევად და გაუაზრებლად გადაწყვეტა დაუშვებელია. ვინაიდან საქმე გვაქვს ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის უახლესი  ისტორიის 70 წლიან მონაკვეთთან და მეორეს მხრივ ცალკე ეპოქასთან არქიტექტურაში, რომელიც ერთხელ იყო და აღარასოდეს განმეორდება. ამასთანავე აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაკავშირებულია ძალიან დიდ ფინანსებთან, მიუხედავად იმისა, რომ გია თორთლაძის კანონპროექტის მიხედვით ეს სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯებს არ გამოიწვევს. 
    შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა პარლამენტარ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონროექტი, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. კანონი ასევე ლუსტრაციის ელემენტესაც შეიცავს. მისი განხილვის შემდეგ დამსწრეთა აბსულუტური უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ კანონპროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დასანანია, რომ ბატონი გია თორთლაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობდა და შესაბამისად ის არ ესწრებოდა  დისკუსიას. 
   ასევე დასანანია, რომ იმ ადამიანთაგან, რომელბიც ამ თემაზე დისკუსიის ჩატარების მიმართ თავიდანვე აგრესიულად იყვენენ განწყობილნი, შეხვედრაზე არავინ მობრძანებულა.
   მათ კი ვინც მობრძანდა ისტორიკოსთა კლუბი მადლობას უხდის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. 
   სამომავლოდ აღნიშნულ თემაზე სხვა ღონისძიებებიც იგეგმება, რაც ვიმედოვნებთ არანაკლებ საინტერესო და კონტრუქციულ ვითარებაში ჩაივლის. 
  შეხვდრის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელ Facebook-ზე. 


პატივისცემით,
ისტორიკოსთა კლუბი

No comments:

Post a Comment