დღეს, 30 ნოემბერს, 18 საათზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში გაიმართა ისტორიკოსთა კლუბის კიდევ ერთი საჯარო ლექცია. მოხსენება წარმოადგინა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა იულონ გაგოშიძემ. “აქემენიდები კავკასიაში” ეს იყო საკითხი რომელზე საუბარიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თემა განხილულ იქნა უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების ფონზე.
ბატონმა იულონმა პირველ ეტაპზე განიხილა ძვ.წ V-IV საუკუნეების ზოგადი ისტორიული მოვლენები წერილობითი წყაროების მიხედვით. მან ისტორიული წყაროები არქეოლოგიური აღმოჩენებით შეავსო და წარმოადგინა ვანის, საირხის, ციხიაგორასა და სხვა ძეგლებზე აღმოჩენილი ტორევტიკის, ოქრომჭედლობისა და კერამიკული მასალები, რომლებსაც პარალელები ეძებნება სხვადასხვა ქვეყნის არქეოლოგიურ მონაპოვრებთან. ასევე წარმოადგინა ადგილობრივი აქემენიდური კულტურის გავლენით შექმნილი მასალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ I საუკუნებმდე განაგრძობს არსებობას. ამით აჩვენა აქემენიდური სამყაროს ძლიერი კულტურული გავლენები კავკასიაზე. დასკვნით ეტაპზე განიხილა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გათხრილი ყარა-ჯამილისა და კახეთში შესწავლილი ქუმბათის აქემენიდური პერიოდის სასახლეები, რომელნიც პერსეპოლისის ამავე პერიოდის სასახლეს შეადარა. იგი შეეხო ასევე კავთისხევში აღმოჩენილ ორპროტომიან კაპიტელს. მოხსენების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ასევე გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება აღნიშნული საკითხის გარშემო.
პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი
No comments:
Post a Comment