Saturday, December 3, 2011

ისტორიის სკოლა - ისტორიკოსთა კლუბის ახალი პროექტი

      ისტორიის სკოლა ისტორიკოსთა კლუბის პირველი პროექტია, რომელიც რამდენიმე კვირის მანძლზე გასტანს. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროექტი საჯარო სკოლაში განხორციელებულიყო. 
      პროექტის ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სკოლის მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება ახალგაზრდა ისტორიკოსებთან ისაუბრონ სხვადასხვა ისტორიულ საკითხებზე თავისუფალ ფორმატში, ყოველგვარი ფორმალური შეზღუდვების გარეშე. პირველი ეტაპისათვის შერჩეული იქნა რამდენიმე თემა. თითოეულ თემას მიეცემა ლექცია-სემინარის სახე და მათ ახალგაზრდა ისტორიკოსები წარუძღვებიან. ვინაიდან ამ ეტაპზე პროექტის პილოტირება მიმდინარეობს შერჩეული საკითხებიდან ყველა თემათურად ერთმანეთს არ უკავშირდება. მომდევნო ეტაპი იმის მიხედვით დაიგეგმება, თუ როგორ გაამართლებს ისტორიის სკოლის იდეა და რა საკითხები გამოიწვევს სკოლის მოსწავლეებში მეტ ინტერესს. 
     მოსწავლეთა გარდა ისტორიის სკოლა ახალგაზრდა ისტორიკოსებისთვისაც სასარგებლო უნდა აღმოჩნდეს, რადგან ის კარგ საფუძველს შეუქმნის მკვევარებს, რომელთა დიდი ნაწილი სამომავლოდ პედაგოგიურ მოღვაწეობას გეგმავს და ჯერ-ჯერობით ამის გამოცდილება არ გააჩნია.
     პროექტის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაწერენ საისტორიო ნაშრომებს. ნაშრომის დაწერას ისინი ისტორიის სკოლის პროგრამის ფარგლებში ისწავლიან. ისტორიკოსთა კლუბი მოსწავლეთა მონდომებას სხვადასხვა ფორმით წაახალისებს. 
      ისტორიის სკოლა ამჯერად შემდეგ პროგრამას წარმოადგენს: 

არქეოლოგიური გათხრები და არქეოლოგის ცხოვრების წესი ექსპედიციაში (დავით დარეჯანაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი)
ქართული ფრესკული მხატვრობის სათავეებთან. ტაო-კლარჯეთის რეგიონის მაგალითზე (სოფო ჭანიშვილი - აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტი)
ქართული მონარქია (ბონდო კუპატაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროეფესორი)
სამხედრო საქმე შუა საუკუნეების საქართველოში (ირაკლი სოზიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)
დიდი ქართული სამხედრო გამარჯვებები (გიორგი გოჩაშვილი – ისტორიის მაგისტრი)
ქართველი ხალხის ბრძოლა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ XIX საუკუნეში (ელენე გელაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი)
1918 წლის 26 მაისი და 1921 წლის 25 თებერვალი. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და საბჭოთა ოკუპაცია (ნათია ბაზანაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტი) 
ატომური ბომბი და კაცობრიობის უსაფრთხო მომავლის პრობლემა (დავით ბრაგვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)
როგორ დავწეროთ საისტორიო ნაშრომი (დავით ბრაგვაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი)

       თუმცა არაა გამორიცხული ამ სიამ გარკვეული შევსება კიდევ განიცადოს. 
   ისტორიის სკოლის პირველი მასპინძელი თბილისის 99-ე საჯარო სკოლა იქნება, რისთვისაც ისტორიკოსთა კლუბი დიდ მადლობას უხდის სკოლის ადმინისტრაციას. 
   ასევე იმედს გამოვთქვამთ, რომ სამომავლოდ პროექტის მასშტაბები გაიზრდება და ის საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. 


პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

No comments:

Post a Comment