Tuesday, November 30, 2010

აქემენიდები კავკასიაში - იულონ გაგოშიძის საჯარო ლექცია


       დღეს, 30 ნოემბერს, 18 საათზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში გაიმართა ისტორიკოსთა კლუბის კიდევ ერთი საჯარო ლექცია. მოხსენება წარმოადგინა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა იულონ გაგოშიძემ. “აქემენიდები კავკასიაში” ეს იყო საკითხი რომელზე საუბარიც თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. თემა განხილულ იქნა უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენების ფონზე.
      ბატონმა იულონმა პირველ ეტაპზე განიხილა ძვ.წ V-IV საუკუნეების ზოგადი ისტორიული მოვლენები წერილობითი წყაროების მიხედვით. მან ისტორიული წყაროები არქეოლოგიური აღმოჩენებით შეავსო და წარმოადგინა ვანის, საირხის, ციხიაგორასა და სხვა ძეგლებზე აღმოჩენილი ტორევტიკის, ოქრომჭედლობისა და კერამიკული მასალები, რომლებსაც პარალელები ეძებნება სხვადასხვა ქვეყნის არქეოლოგიურ მონაპოვრებთან. ასევე წარმოადგინა ადგილობრივი აქემენიდური კულტურის გავლენით შექმნილი მასალები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ I საუკუნებმდე განაგრძობს არსებობას. ამით აჩვენა აქემენიდური სამყაროს ძლიერი კულტურული გავლენები კავკასიაზე. დასკვნით ეტაპზე განიხილა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გათხრილი ყარა-ჯამილისა და კახეთში შესწავლილი ქუმბათის აქემენიდური პერიოდის სასახლეები, რომელნიც პერსეპოლისის ამავე პერიოდის სასახლეს შეადარა. იგი შეეხო ასევე კავთისხევში აღმოჩენილ ორპროტომიან კაპიტელს. მოხსენების დასრულების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ასევე გამოითქვა ბევრი საინტერესო მოსაზრება აღნიშნული საკითხის გარშემო.


პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი 


Wednesday, November 10, 2010

დისკუსია თემაზე - ვებრძოლოთ თუ არა საბჭოთა სიმბოლიკას?

   გუშინ, 9 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე - ვებრძოლოთ თუ არა საბჭოთა სიმბოლიკას? შეხვედრაზე ტრიბუნა ყველასათვის თავისუფალი იყო და ყველას შეეძლო საკუთარი არზის ღიად დაფიქსირება. 
   საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები დააფიქსირეს ბატონებმა, გიორგი კლდიაშვილმა და ბუბა კუდავამ. ასევე დამსწრე საზოგადოების დიდმა ნაწილმა. შეხვდრამ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა და დაახლოებით 90 წუთი გაგრძელდა. გამოითქვა არაერთი მოსაზრება. იყო საკითხები, რომელზეც დამსწრე საზოგადოების აბსულუტური უმრავლესობა შეთანხმდა. მაგალითად ის, რომ საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს ბოლშევიკი მოღვაწეების სახელობის ქუჩები, სკვერები და მათი ძეგლები არ უნდა იდგეს. 
   რაც შეეხება შენობათა ფასადებიდან სიმბოლოების მოხსნას. ამაზე რამდენიმე საინტერესო პოზიცია დაფიქსირდა. მაგალითად ის, რომ საბჭოთა ნაგებობებიდან, რომლებშიც მნიშვნელოვანი სახელმწიფო დაწესებულებები არიან განლაგებულნი და რომელთა ფასადებსაც აქვს საბჭოთა სიმბოლიკა, შესაძლოა ეს სიმბოლიკა მოიხსნას და სპეციალური დაცვის ქვეშ მყოფ დაწესებულებაში გადავიდეს. შეხვედრაზე არ გამოჩენილა არც ერთი ადამიანი ვინც ემხრობოდა საბჭოთა სიმბოლიკის მოხსნას საცხოვრებელი ნაგებობებიდან. ასევე გამოითქვა მოსაზრება საბჭოთა სიმბოლიკის მქონე ნაგებობების კომერციალიზაციისა და მათი ტურისტულ პროექტებში ჩართვის შესახებ. მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა ყველა თანხმდებოდა ერთ საკითხზე, სიმბლოების ნაწილი შეიძლება ჩამოიხსნას, მაგრამ არ უნდა განადგურდეს. ასევე ყველა თანხმდებოდა იმაზე, რომ ამ საკითხის ნაჩქარევად და გაუაზრებლად გადაწყვეტა დაუშვებელია. ვინაიდან საქმე გვაქვს ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნის უახლესი  ისტორიის 70 წლიან მონაკვეთთან და მეორეს მხრივ ცალკე ეპოქასთან არქიტექტურაში, რომელიც ერთხელ იყო და აღარასოდეს განმეორდება. ამასთანავე აღნიშნული სამუშაოების ჩატარება დაკავშირებულია ძალიან დიდ ფინანსებთან, მიუხედავად იმისა, რომ გია თორთლაძის კანონპროექტის მიხედვით ეს სახელმწიფოს მხრიდან დანახარჯებს არ გამოიწვევს. 
    შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა პარლამენტარ გია თორთლაძის მიერ ინიცირებული კანონროექტი, რომელიც საბჭოთა სიმბოლიკის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს. კანონი ასევე ლუსტრაციის ელემენტესაც შეიცავს. მისი განხილვის შემდეგ დამსწრეთა აბსულუტური უმრავლესობა მივიდა დასკვნამდე, რომ კანონპროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. დასანანია, რომ ბატონი გია თორთლაძე ჩვენს ზარებს არ პასუხობდა და შესაბამისად ის არ ესწრებოდა  დისკუსიას. 
   ასევე დასანანია, რომ იმ ადამიანთაგან, რომელბიც ამ თემაზე დისკუსიის ჩატარების მიმართ თავიდანვე აგრესიულად იყვენენ განწყობილნი, შეხვედრაზე არავინ მობრძანებულა.
   მათ კი ვინც მობრძანდა ისტორიკოსთა კლუბი მადლობას უხდის საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისათვის. 
   სამომავლოდ აღნიშნულ თემაზე სხვა ღონისძიებებიც იგეგმება, რაც ვიმედოვნებთ არანაკლებ საინტერესო და კონტრუქციულ ვითარებაში ჩაივლის. 
  შეხვდრის ამსახველი ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელ Facebook-ზე. 


პატივისცემით,
ისტორიკოსთა კლუბი

Monday, October 18, 2010

ორდღიანი მოგზაურობა რაჭაში

16-17 ოქტომბერს ისტორიკოსთა კლუბის წევრები რაჭის სტუმრები ვიყავით. ამ მცირე მოგზაურობის მიზანი რაიმე სიახლის აღმოჩენა არ ყოფილა და ასე შემჭიდროებულ ვადებში ეს ვერც მოხერხდებოდა. უბრალოდ გადავწყვიტეთ არდადეგების შემდეგ ახალი ენერგიითა და შემართებით დაგვეწყო საქმე. პირველ ეტაპზე რაიმე საუნივერსიტეტო ღონისძიების ჩატარებას რაჭაში სტუმრობა ვარჩიეთ.
     რაჭაში ასვლისთანავე შაორის წყალსაცავთან გავჩერდით. შემდეგ კი ნიკორწმინდის ბრწყინვალე ტაძარს ვეწვიეთ. პირველ დღესვე ვნახეთ ჭელიშის უდაბნოს მონასტერი, ნიკორწმინდიდან 3 კილომეტრზე. უგზოობისა და ცუდი ამინდის გამო ცოტა ხანი ფეხით მოგვიწია სიარული, რის გამოც ძეგლამდე ცოტა გვიან მივედით.
   შემდეგ დავბანაკდით სოფელ სორში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა, ირაკლი სოზიაშვილმა და გიორგი გურჯიძემ მაინც მოახერხეს კოცონის აბრიალება. თითქმის ყველამ სწორედ ამ კოცონის პირას, დიდი მუხის ქვეშ გავათენეთ ღამე. 
     მეორე დილას ზემო ბარის, ქვემო ბარისა და მრავალძალის ნახვა იყო დაგეგმილი, მაგრამ ამინდისა და ცუდი გზების გამო მარშრუტში მცირე ცვლილებები შევიტანეთ და გეზი ონისკენ ავიღეთ.
    მოვინახულეთ ონის სინაგოგა და ადგილობრივ ებრალებს გავესაუბრეთ. შემდეგ რაჭველებთან ერთად ავედით უწერაში და მჟავე წყლის დაგემოვნებასთან ერთად ულამაზესი ხედების ცქერითაც ვისიამოვნეთ.
   ამის შემდეგ იყო სადილი ონში რაჭველებთან ერთად. ჩვენი დიდი სურვილის საწინააღმდეგოდ დროში ძალიან ვიყავით შეზღუდულები, რის გამოც ჩვენი ნადიმი დიდხანს არ გაგრძელებულა.
    ონიდან ისევ დავეშვით და გზად ბარაკონისა და ხოტევის ტაძრები მოვინახულეთ. ასევე ვნახეთ მინდაციხე და ხოტევის ციხე.
    ხოტევით დავასრულეთ ძეგლების მონახულება რაჭის რეგიონში და თბილისში გამოვემგზავრეთ. მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში რაჭაში უკვე ძალიან ციოდა და ორივე დღე წვიმიანი იყო, ყველანი კმაყოფილები დავბრუნდით.
  ამით ისტორიკოსთა კლუბის საშემოდგომო სეზონი გაიხსნა. მომავალში ჩვენ გაცილებით საინტერესო გასვლებსაც ვგეგმავთ, რომლის მიზანი მხოლოდ ძეგლების მონახულება არ იქნება.
    ტრანსპორტით უზრუნველყოფისა და ფინანსური დახმარებისათვის ისტორიკოსთა კლუბი დიდ მალდობას უხდის ივ, ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას. 
    მოგზაურობის ფოტოები შეგიძლიათ იხილოთ სოციალურ ქსელ facebook-ზე.

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი 


Sunday, June 13, 2010

სამეცნიერო კონფერენცია ”საქართველო და ქრისტიანობა”

   ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამეცნიერო კონფერეცია ”საქართველო და ქრისტიანობა.” ღონისძიება 11-12 ივნისს, თსუ-ს მერვე კორპუსის 220-ე და 119-ე აუდიტორიებში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში თვრამეტმა მომხსნებელმა წარმოადგინა თავისი ნაშრომი. რომელთა შორის იყვენენ, როგორც პროფესორ-მასწავლებლები, ისე სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. მომხსენებელთა უმრავლესობა თბილისის სახელმფირო უნივერსიტეტს წარმოადგენდა, თუმცა იყვენენ ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც. 
  უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიკოსთა კლუბთან ერთად ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა. ამ უკანასკნელის მხარდაჭერითა და დაფინანსებით მიმდინარე წლის შემოდგომაზე კონფერენციაზე წაკითხული მასალების გამოცემა იგეგმება. 

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი 

Wednesday, June 9, 2010

სამეცნიერო კონფერენცია ”საქართველოს პირველი რესპუბლიკა”

    დღეს, 9 ივნისს, თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის მორიგი ღონისძიება გაიმართა. ამჯერად კლუბმა თავის პირველი სამცნიერო კონფერენცია ჩაატარა. კონფერენციის თემა საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო. თხუთმეტმა მომხსენებელმა საინტერესო ნაშრომები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას. მომხსენებელთა შორის თსუ-ს სტუდენტებსა და მაგისტრანტებთან ერთად იყო პროფესორი ბონდო კუპატაძეც, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელობა. მონაწილეებს მოკრძალებული საჩუქრები გადაეცათ. 
  ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ კონფერენციამ საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო გარკვეული ხარვეზებიც, რომელთაც სამომავლოდ აუცილებლად გამოვასწორებთ. საერთო ჯამში კი უნდა აღნიშნოს, რომ ღონიძიებამ წარმატებით ჩაიარა. 
   სამომავლოდ დაგეგმილია კრებულის გამოცემაც, რომელშიც კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.  

გაწეული დახმარებისათვის ისტორიკოსთა კლუბი მადლობას უხდის:
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკლულტეტის ადმინისტრაციას. 
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტდენტურ თვითმმართველობას. 
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
  • ბატონ ბონდო კუპატაძეს.
  • ბატონ დავით ნასყიდაშვილს.
  პარასკევს და შაბათს, დილის 10 საათზე, თსუ-ს მერვე კორპუსის 220-ე აუდოტორიაში გელით სამეცნიერო კონფერენციაზე  ”ქრისტიანობა საქართველოში.”

პატივისცემით
ისტორკოსთა კლუბი

Tuesday, June 8, 2010

ნინო კალანდაძის საჯარო ლექცია ”თანამედროვე ტექნოლოგიები არქეომეტალურგიაში”

    დღეს, 8 ივნისს, 17 საათზე, თსუ-ს მეხთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის კიდევ ერთი საჯარო ლექცია გაიმართა. ქალბატონი ნინო კალანდაძე სტუდენტებს არქეოლოგიაში თანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური მიღწევების შესახებ ესაუბრა. ვინაიდან ლექცია არქეოლოგებზე იყო გათვლილი, სასიხარულოა, რომ დამსწრეთა უმრავლესობა სწორედ ამ სპეციალობის სტუდენტები და მაგისტრანტები იყვნენ. გაიმართა ფილმის ჩვენებაც, რომელიც აღნიშნული მეთოდის პრაქტიკული გამოყენების მაგალითზე იყო აგებული. 
   დღევანდელმა დღემ წარმატებულად ჩაიარა. ხვალ იმავე აუდიტორიაში, 16 საათზე გელით სამეცნიერო კონფერენციაზე  ”საქართველოს პირველი რესპუბლიკა”.

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი 

Thursday, June 3, 2010

მომავალი კვირის ღონისძიებათა განრიგი

მოგესალმებით,

გატყობინებთ, რომ მომდევნო კვირას ისტორიკოსთა კლუბი გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ღონისძიებას:
  •  სამშაბთს, 8 ივნისს, 17 საათზე თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ეროვნული მუზეუმის კოლექციების სარესტავრაციო დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ნინო კალანდაძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე ”თანამედროვე ტექნოლოგიები არქეომეტალურგიაში”
  • ოთხშაბათს, 9 ივნისს, 16 საათზე, თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში გიწვევთ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციაზე ”საქართველოს პირველი რესპუბლიკა”
  • პარასკევს, 11 ივნისს და შაბათს, 12 ივნისს ისტორიკოსთა კლუბი და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი გიწვევთ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენციაზე ”ქრისტიანობა საქართველოში” (შეხვედრის დაწყების ზუსტ დროს და აუდიტორიას შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში). 

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი


Saturday, May 29, 2010

უახლოესი გეგმები


     მოგესალმებით და გაცნობებთ, რომ მომავალ კვირას ისტორიკოსთა კლუბი ღონიძიებას არ გეგმავს. სამშაბათს, 8 ივნისს თსუ-ს მეხუთე კორპუსის #313 აუდიტორიაში აუცილებლად გაიმართება მორიგი საჯარო ლექცია. ლექციის თემა და მომხსენებლის ვინაობა მოცემულ მომენტში დადგენილი არ არის, მაგრამ ცნობილი გახდება უახლოეს მომავალში.
   ასევე მოგახსენებთ, რომ შეიკრიბა კლუბის გამგეობა, რომელმაც იმსჯელა რამდენიმე საკითხის თაობაზე. გამგეობის წევრთა გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული არაისტორიკოსთა (არ იგულიხსმება არქეოლოგები, ეთნოლოგები, ნუმიზმატები და ა.შ.) კლუბის წევრებად მიღება. საკითხი შესაძლოა ხელმეორედ იქნას განხილული თუ კლუბი დაიწყებს ინტერდისწიპლინარულ კვლევებს.
    გამგეობამ ასევე იმსჯელა კლუბის წევრთათვის საწევრო გადასახადების დაწესების თაობაზე. საერთო გადაწყვეტილებით მიმდინარე წლის შემოდგომიდან კლუბის ყოველ წევრს ექნება ვალდებულება ყოველთვიურად გადაიხადოს საწევრო გადახადი (მნიშვნელოვანწილად ამან განაპირობა ისიც, რომ არაისტორიკოსი წევრების მიღება შეჩერდა, ვინაიდან მომცემულ მომენტში ასეთ წევრებს კლუბი მათი ინტერესების შესაბამის დაპირებებს ვერ აძლევს). საწევრო გადასახადის ოდენობა განისაზღვრება მოგვიანებით, თუმცა ის არ იქნება 5 ლარზე მეტი. იმ პირებისათვის ვინც უკვე შეავსო კლუბის წევრობის დამადასტურებელი ბლანკი, თუ საწევრო გადასახადის დაწესება წარმოადგენს რაიმე სახის შემაფერხებელ გარემოებას, მათ შეუძლიათ უარი განაცხადონ წევრობაზე. ყოველთვიური საწევრო გადასახადი წევრების მიერ უნდა ჩაირიცხოს კლუბის საბანკო ანგარიშზე.
    შეგახსენებთ, რომ კლუბის ეგიდით დაგეგმილ საჯარო ლექციებზე დასწრება შუძლია ნებისმიერ მსურველს და ამისთვის გაერთიანების წევრობა სავალდებულო არ არის.

პატივისცემით
ისტორიკოსთა კლუბი

Thursday, May 27, 2010

მარიამ ლორთქიფანიძის ლექცია ივანე ჯავახიშვილის შესახებ

     დღეს, 27 მაისს, 18 საათზე თსუ-ს მეხუთე კორპუსის 313-ე აუდიტორიაში ისტორიკოსთა კლუბის ეგიდით აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის საჯარო ლექცია გაიმართა. საუბრის თემა ყველაზე დიდი ქართველი ისტორიკოსი, ივანე ჯავახიშვილი იყო.
    ქალბატონმა მარიამმა ისაუბრა ივანე ჯავახიშვილის ცხოვრებასა და მის საუნივერსიტეტო მოღვაწეობაზე. განხილული იქნა მისი სამეცნიერო კვლევებისა და პედაგოგიური მიდგომის მეთოდები.
   აუდიტორიამ რამდენიმე კითხვა დაუსვა მომხსნებელს და ყოველ მათგანზე ამომწურავი პასუხი მიიღო. აუდიტორიის საერთო შეფასებით ლექციამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა.
   ლექციის დასრულების შემდეგ, იმ სტუდენტებმა ვინც აუდიტორია მაშინვე არ დატოვა ქალბატონ მარიამთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ასევე შეავსეს კითხვარები და 10 ბალიანი სისტემით შეაფასეს ლექცია. საერთო ჯამში  დღევანდელი ღონისძიება 9,9 ქულით შეფასდა.
   საინტერესოა ისიც, რომ ლექციის სრული ვერსია დიქტოფონზე ჩავიწერეთ. სამომავლოდ იგეგმება ყველა საჯარო ლექციის აუდიო ვერსიის ჩაწერა, რაც მოგვიანებით შესაძლოა წიგნადაც გამოიცეს.
   დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ მარიამ ლორთქიფანიძეს  საინტერესო ლექციისათვის. ასევე დიდი მადლობა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციას აუდიტორიის ტექნიკური აღჭურვისათვის.

Tuesday, May 25, 2010

კლუბის პრეზენტაცია

       გუშინ როგორც იქნა გაიმართა ისტორიკოსთა კლუბის პრეზენტაცია. ღონისძიება მაინცდამაიც პომპეზური არ იყო, მაგრამ საერთო ჯამში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დაინტერესებულმა საზოგადოებამ კლუბის მიზნებისა და მომავალი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. 
         პრეზენტაცია არ აღმოჩნდა ხალხმრავალი, ვინაიდან იმავე დროს იმართებოდა ჟურნალ სპეკალის პრეზენტაცია. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ  ღონიძიებას ვერ დაესწრნენ ის პირები ვის გარეშეც დღევანდელი დღე ვერც კი წარმოგვედგინა. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სახელით სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ბატონმა თემურ პაპასქირმა, ასევე ისტორიის ისნტიტუტის სახელით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ბატონმა თემურ ჯოჯუამ. 
        მიუხედავად არც თუ ისე ხმამაღალი სრარტისა წინ დიდი საქმეები გველის. ამიტომ ველით თქენს იდეებსა და შემოთავაზებებს. ხუთშაბათს კი გელით პირველ საჯარო ლექციაზე :)

Monday, May 10, 2010

ცოტა რამ ჩვენ შესახებ

          ისტორიკოსთა კლუბი არის მხოლოდ არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არაა ორიენტირებული  ფინანსურ მოგებაზე. კლუბი წარმოადგენს ისტორიკოსთა, არქეოლოგთა და ეთნოლოგთა სამეცნიერო გაერთიანებას. მისი მიზანია ამ მეცნიერებათა მიმართულებით სამეცნიერო კვლევების წარმართვა, სხვადასხვა თემებზე საჯარო ლექციების, დისკუსიების, სემინარების, კონფერენციების ორგანიზება. ექსპედიციების ორგანიზება. კლუბის ღონისძიებები ღიაა და მასზე დასწრება ყველას შეუძლია. კლუბში გაწევრიანებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. კლუბის წევრი უნდა ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოლოგი და ა.შ. ან ზემოთხსენებულ სპეციალობებზე მოსწავლე სტუდენტი, მაგისტრანტი ან დოქტორანტი. ის პირები, რომელბიც არ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, მაგრამ აქტიურად მონაწილეობენ კლუბის ღონისძიებებში შესაძლია არჩეულ იქნან გაერთიანების საპატიო წევრებად.